„ლურჯი ვეშაპის“ სავარაუდო მსხვერპლის, 14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ სავარაუდო მსხვერპლის, 14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია – ამის შესახებ „კვირას“ პედიატრიული პრივატ კლინიკის დირექტორმა გიორგი ამისულაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოზარდი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, 14 წლის გოგოს გუშინ თავის ქალის ოპერაცია ჩაუტარდა.
„კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს გული ჰქონდა გაჩერებული, ქალა-ტვინი და სახე დაზიანებული. მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ექიმების ძალისხმევით პაციენტს გული აუმუშავდა. გუშინ თავის ქალაზე ნეოროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ უკიდურესად კრიტიკული რჩება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ექიმების ძალისხმევით, მოზარდის მდგომარეობა გამოსწორდება“ – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, პაციენტი 9 ივნისს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნაძალადევის რაიონიდან გადმოიყვანა.
ცნობისათვის, შს სამინისტრომ 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციამ საქმეზე გამოძიება, საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია.
მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მეოთხე დღეა, რაც გოგონა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები