“ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს ობიექტურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მთლიანად პოზიტივზეა მორგებული და სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს ხარისხს ადასტურებს”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, აშშ-ში პრემიერის ვიზიტი პოზიტიურად შეაფასა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტი და მაიკ პომპეოსთან შეხვედრა, მათ შორის, დეკლარაციები თუ პოლიტიკური განცხადებები მთლიანად პოზიტივზე მორგებული იყო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელივანი შეხვედრები ჰქონდა და აქვს. რა თქმა უნდა, ბატონ პომპეოსთან შეხვედრა ვიზიტის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დიდი მიღწევები, რაც ამ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და ამერიკას აქვთ. რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან სასიხარულოა, ეს მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც ყველა ინფორმაცია მოწმობს, რომ ძალიან წარმატებული იყო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, რას უპასუხებდა ოპოზიციას, რომელიც ამერიკული მხარის გზავნილებს საგანგაშოს უწოდებს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პირი როდესაც განცხადებას აკეთებს, ამ განცხადებაში შეგვიძლია, დავინახოთ ის, რაც გვსურს.
„ამას სუბიექტურობა ჰქვია. ობიექტურად თუ შევხედავთ ვიზიტს და შეხვედრას, მათ შორის, შეხვედრის შემდეგ დეკლარაციებს თუ პოლიტიკურ განცხადებებს, ვნახავთ, რომ ეს ვიზიტიც, შეხვედრაც და განცხადებებიც მთლიანად პოზიტივზე მორგებული იყო და ერთადერთ რამეს ადასტურებდა, სტრატეგიული პარტნიორობა დღეს იმ ხარისხშია აყვანილი, როგორი მაღალი ხარისხიც აქამდე არ ჰქონია. ძალიან მიხარია, როგორც ერთ მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრს, რომ ჩვენს პრემიერ-მინისტრს ამერიკაში წარმატებული ვიზიტი აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები