“სიძულვილის ენა, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, თუმცა რიგ შემთხვევებში საჭიროებს შეზღუდვას”

საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მოხდება. მისი განცხადებით, სიძულვილის ენა, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, თუმცა გამოსავალია მოსაძებნი.
„ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივა არის აქტუალური და დროულადაა გადაწყვეტილება მისაღები. საკითხი წამყვან კომიტეტში არ განხილულა. თუ რატომ იყო შეჩერებული მისი განხილვა, ამის მიზეზს მოვიკითხავთ.
სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანაა, მოვძებნოთ გამოსავალი. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში. როდესაც ვსაუბრობთ იმავე, პოლიტიკურ კულტურაზე, სანამ იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი სიძულვილის ენა მედიაში თუ პოლიტიკაში, პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი წარმოუდგენელია.
როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და რიგ შემთხვევებში საჭიროებს შეზღუდვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები