„ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

შპს „ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შპს ჯორჯიან მანგანეზის („კომპანია”) კუთვნილი საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანიამ შესაბამისი ინსპექტირება სერტიფიცირებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საკუთარი რესურსით ახორციელდება საბაგიროების მოვლა-პატრონობას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, ექსპერტთა მიერ შედგენილმა დასკვნამ ცხადყო, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ (ვიზუალურად უხილავი) დეფექტებს (ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.).
შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე.
ამასთან, სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე საბაგიროს მუშაობას. დამატებითი კვლევის ჩატარება დაახლოებით 20-25 დღეს საჭიროებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქ ჭიათურაში არსებული საბაგიროები მოსახლეობის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, კომპანიამ მოძებნა გზა, რომლითაც გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა” მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მომსახლეობის მოემსახურება დაიწყო. კომპანიამ, ასევე, საქმის კურსში ჩააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც და ითხოვა სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები