ზურა ლიპარტია: წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია

0

„წინა წლებში დაგროვილი გამოცდილებისა და გატარებული ღონისძიებების შედეგად წელს მავნებლის რიცხოვნობა შემცირებულია“ – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამა.
„ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თერმული ნისლით შეწამვლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათით ადრე სატელეფონო გზავნილის მეშვეობით აფრთხილებს. დეტალური ინფორმაცია შეწამვლით სამუშაოებსა და მონიტორინგზე განთავსებულიa ვებგვერდზე parosana.ge.
მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, რომლებიც ღონისძიებების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ითვალისწინებს მეფუტკრეების ინტერესებს და ფუტკრის დაცვის მიზნით, შეწამვლითი ღონისძიებები მეფუტკრეებთან შეთანხმებით, კოორდინირებულად იგეგმება.
იმისათვის, რომ ფუტკარი მაქსიმალურად იყოს დაცული, თერმული ნისლით წამლობა ტარდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალისტების ჩართულობით მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს“, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში მარტიდან მიმდინარეობს.
მუდმივი მონიტორინგის შედეგად, საკოორდინაციო ცენტრის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც მავნებლის მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა. ერთი კვირის წინ დაიწყო და მიმდინარეობს საკარმიდამო ფართობების თერმული ნისლით დამუშავება. ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 2010 ჰა ფართობი.
დღეის მონაცემებით, აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში განთავსებულია 3074 მონიტორინგის ფერომონი, დამონტაჟებულია 50 ათასზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რის შედეგადაც წერტილოვანი შეწამვლა 10 522 ჰა ფართობზე განხორციელდა.
აღნიშნული სადგურები დამონტაჟებულია და გამოიყენება ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონებში, რომელთა მეშვეობითაც ტყიდან გამოსული მავნებელი ნადგურდება. მავნებლის კონტროლის ღონისძიებები (შეწამვლა) მიმდინარეობს საყანე მასივებშიც.
მიმდინარე წელს სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა – მავნებელთან ბრძოლის მიზნით მობილიზებულია 250 სპეციალიზებული ტექნიკა.
იმისათვის, რომ მავნებელი მოექცეს კონტროლის ქვეშ და თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და სახელმწიფოსთან ერთად, მოსახლეობისა და ფერმერების აქტიური ჩართულობა.

კომენტარები

კომენტარი