ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფი: არის საკითხები, რაზეც მერიასთან შეთანხმება მიღწეულია, ნაწილზე კი მოლაპარაკება გრძელდება

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ავტომობილების ჩასანაცვლებლად იაფი სესხების აღება დიდი შეღავათი იქნება. ამის შესახებ ტაქსის მძღოლებმა, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ვალერი ქადაგიშვილმა, დავით ახალკაციშვილმა, არჩილ არჯევანიძემ და ნოდარ ქამხაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეს.
ისინი თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ იაფი სესხი, რათა ავტომობილები ჩაანაცვლონ.
„როგორი სიტუაციაა, დღესდღეობით ბაზარზე არიან კერძო პირები, რომლებიც ყიდულობენ ავტომობილებს და მძღოლებს აძლევენ არარეალურ თანხებში. შეჭირვებიდან გამომდინარე მძღოლები იღებენ ამ ავტომობილებს და ძალიან ცუდ, გაუსაძლის პირობებში მუშაობენ . ეს ჩვენი ინიციატივა იყო, მიგვეწოდებინა მთავრობისთვის, იქნებ რამენაირად დახმარებოდნენ ამ მძღოლებს. შედგა მოლაპარაკება ბანკებთან, იაფი სესხი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დაახლოებით 70 %-ით გაუიაფდება ავტომობილების გადასახადი მძღოლებს. კონკრეტულ რიცხვებზე 3-4 დღეში თავად ბანკები გააკეთებენ განცხადებას, გაირკვევა რა პროცენტებზეა საუბარი, ეს არის გათვალსიწინებული A კატეგორიის მძღოლებისთვის, მხოლოდ ავტომობილების ჩანაცვლებისთვის.
ეს მძღოლებისთვის შეღავათი იქნება. არიან მძღოლები, რომლებიც თვეში 1200 ლარის იხდიან , შეღავათი იქნება, რომ 400 ლარამდე ჩამოუვათ გადასახადი.
ბანკებსა და მერიას შორის შედგა მოლაპარაკება. სპეციალურად კეთდება საიტები A კატეგორიის მძღოლებისთვის , რომლებიც დარეგისტრირდებიან და ლიცენზიის საფუძველზე მოხდება სესხის გაცემა. მძღოლს შეეძლება მიიყვანოს შესაძენი ავტომობილი, ბანკი შეაფასებს, დაუფინანსებს და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას A კატეგორიაში“- განაცხადა ვალერი ქადაგიშვილმა.
მათივე თქმით, მერიასთან ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება, არის საკითხები, რაზეც შეთანხმება მიღწეულია, ნაწილზე კი მოლაპარაკება გრძელდება.
„გვისმენენ, ვსაუბრობთ, არ არის ისე, რომ არ გვისმენდნენ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ჩვენი მოთხოვნები, ძირითადად, მაინც ვადებთან დაკავშირებით იყო. არ იყო ის, რომ ვინმე ეწინააღმდეგებოდა რეგულაციას , ან არ გვინდოდა მოწესრიგება . კარგია რეგულაცია, მაგრამ ვადებში უნდა გაწერილიყო , რომ ტვირთად არ დაწოლოდა მძღოლებს. ვადები მარჯვენასაჭიანებზე მოგვცეს, მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ესაა მარჯვენასაჭიანი მანქანების დაშვება B კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე, იყო მანქანების შეღებვის საკითხი, აქ ალტერნატიული გზა დაუშვეს – შესაძლებელია ფირი გადააკრა. წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე. მთავარი ისაა, რომ ბატონი კახი თავადაა ჩართული ამ პროცესებში პირადად , გვესაუბრებიან, მოდიან დათმობებზე.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმაზე, რომ „ბასლაინებზე „ შეძლონ A კატეგორიის ტაქსებმა შესვლა, უფასო პარკინგების დამატება, ტექდათვალიერებების თანხის განახევრება, წელიწადში ორჯერ უწევთ მძღოლებს გაატარონ ტექდათვალიერება. გზა და გზა კიდევ ჩნდება რაღაც საკითხები , მძღოლებთან კომუნიკაცია სულ გვაქვს , საჭირ-ბოროტო საკითხები მოაქვთ ჩვენთან“- განაცხადა ვალერი ქადაგიშვილმა.
ტაქსის მძღოლებმა კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ტაქსების რეფორმა ჩავარდება.
„ჩვენ მერიასთან მოლაპარაკებებზე წავედით. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს. დაწყებულია პროცესი, თეთრდება მანქანები, ბევრმა თეთრიც შეიძინა. არ გვგონია, რომ ეს რეფორმა ჩავარდეს“- განაცხადა დავით ახალკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები