„Известия“ დსთ-დან უკრაინის შესაძლო გასვლასა და არსებულ ქართულ პრეცედენტზე წერს

დსთ-დან უკრაინის შესაძლო გასვლასა და ამასთან მიმართებით უკვე არსებულ ქართულ პრეცედენტს ეხმაურება გაზეთ „Известия“-ს პუბლიკაცია, რომელშიც ცნობილი პოლიტოლოგი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს ყოფილი უფროსის მოდესტ კოლეროვის თვალსაზრისია გადმოცემული. „როგორც მოდესტ კოლეროვი ამბობს, დსთ-დან გასვლის მაგალითი უკვე არსებობს – საქართველოს პრეცედენტი. ოფიციალურად საქართველომ თანამეგობრობა 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა, მანამდე კი თბილისმა, როგორც ამას დსთ-ის წესდება მოითხოვს, გასვლის სურვილი ერთი წლის წინ გამოაცხადა: 2008 წლის 12 აგვისტოს გამართულ მიტინგზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რადგანაც თანამეგობრობამ არაფერი გააკეთა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის აღსაკვეთად, მან მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გასვლის შესახებ. ორი დღის შემდეგ პარლამენტმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცა, 18 აგვისტოს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ყველაფერი დსთ-ის აღამსრულებელ კომიტეტს აცნობა. საქართველო დსთ-ის ჩარჩოებში ხელმოწერილ 113 შეთანხმებაში მონაწილეობდა. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური სფეროს დოკუმენტები, ორმხრივ ფორმატში გადავიდა, ასე რომ, საქართველოს ეკონომიკა ამით დიდად არ დაზარალებულა (რუსეთმა ანტიქართული ემბარგო უფრო ადრე, 2006 წელს შემოიღო). რაც შეეხება დსთ-ის ჩარჩოებში ხელმოწერილ კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებას, საქართველო იქიდან უფრო ადრე, 1990-იან წლებში გავიდა. „საქართველოს დსთ-დან გასვლამ რუსეთი ბევრი ვალდებულებისაგან გაათავისუფლა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულებისაგან“, – ასე თვლის ზურაბ ხონელიძე, საქართველოს ბოლო სრულუფლებიანი წარმომადგენელი დსთ-ში. 1993 წლის დეკემბერში საქართველოს იმდროინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო უერთდება თანამეგობრობის ორგანიზაციას. სსრკ-ის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი ჰქონდა, რომ დსთ-ის დახმარებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების პრობლემას მოაგვარებდა. 1994 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა, მღელვარე განხილვისა და კამათის შემდეგ, შევარდნაძის გადაწყვეტილება დაამტკიცა, ივლისში კი დსთ-ის ეგიდით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ძალები შევიდნენ. მათი მისია 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დასრულდა. თავდაპირველად ედუარდ შევარდნაძის მანევრი ეფექტური ჩანდა: დსთ-ის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურები რეგულარულად გმობდნენ სეპარატიზმის გამოვლინებას, 1996 წლის იანვარში კი აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადაც იქნა შემოღებული, რომელიც ოფიციალურად 2008 წლამდე გაგრძელდა. როცა საქართველომ დსთ-დან გასვლა გადაწყვიტა, ედუარდ შევარდნაძემ ასე თქვა: „დსთ-ში გაწევრიანებას საქართველოსთვის არაფერი ცუდი არ მოუტანია. დსთ-ის სწევრები, როგორც წესი, ყოველთვის იზიარებდნენ საქართველოს პოზიციას სეპარატიზმის დაგმობის საკითხში. ჩემი აზრით, ასე სწრაფად გამოსვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიგვეღო, შეგვეძლო თანამეგობრობა კიდევ გამოგვეყენებინა საქართველოს სასარგებლოდ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები