დავით მათიკაშვილი: კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც დგამდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებდა
“გვახსოვს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნებოდა ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, ამ მოცემულობაში აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ საზოგადოებას ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა.
„კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც დგამდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებდა. გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ელჩების დასწრება, რომელიც სხვა რა არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა.
კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას და ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკისა და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში,”- აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“.