არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში მისი განცხადებები ხელს უწყობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში
„26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში მისი განცხადებები ხელს უწყობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„9 მაისს მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ თურმე ის არასდროს ჩარეულა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და არასდროს გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ არ დაგვიწყებია, რომ 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში მისი განცხადებები ხელს უწყობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში. პირდაპირი მოწოდებები იყო. ასევე, ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა სხვადასხვა ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიები და წინასაარჩევნო კამპანია იყო დაფინანსებული, ახლა ვისმენთ, რომ თურმე შიდა საქმეებზე განცხადებებს ვერ გააკეთებს. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის.
სამწუხაროდ ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა.