საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გაერო-ს შტაბ-ბინაში CRPD-ის მონაწილე ქვენების 12-ე საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარალმენტის დელეგაცია რატი იონათამიშვილისა და ვანო ზარდიაშვილის შემადგენლობით 11-13 ივნისს  ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში  CRPD-ის მონაწილე ქვენების 12-ე საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD) გენერალური ასამბლეის მიერ 2006 წლის 13 დეკემბრის 61/106 რეზოლუციით იქნა მიღებული და ძალაში 20-ე სარატიფიკაციო წესით 2008 წლის 3 მაისს შევიდა. კონვენციის მე-40 მუხლი ადგენს, რომ “მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად შეხვდებიან მონაწილე სახელმწიფოთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა განიხილონ წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.” საქართველოს პარლამენტმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცრება 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი CRPD-ის მონაწილე ქვენების საერთაშორისო კონფერენციაზე. დაგეგმილი გვაქვს უმაღლესი დონის ინდივიდუალური შეხვედრებიც. წელს გვაქვს სიახლეები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთათვის ფუნდამენტური რეფორმები დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. კერძოდ, “მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე” მუშაობის დაწყება, “უნივერსალური დიზაინის” ახალი ეროვნული სტანდარტების შემუშავება და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებისთვის ოფიციალური პროცედურების დაწყება, რომლის დადგენილების პროექტი წინა კვირას წარედგინა პარლამენტის ბიუროს, ხოლო საკომიტეტო განხილვებს მომავალი კვირიდან დავიწყებთ. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა კომუნიკაციების მისაწვდომობასთან დაკავშირებით, რაც წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ამ ეტაპზე, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
CRPD-ის მონაწილე ქვენების საერთაშორისო კონფერენციაზე წელს სამი ძირითადი საკითხი განიხილება:
1. ტექნოლოგია, დიგიტალიზაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაძლიერებისა და ჩართულობისთვის;
2. სოციალური ჩართულობა და ჯანმრთელობის უფლება;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურის, დასვენებისა და სპორტის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები