თამარ ჩუგოშვილი: მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში, ეს ისედაც მშვენივრად გამომდის

0

“თინა ბოკუჩავას მინდა, ვუთხრა, რომ სხვა დროს, როდესაც გადაწყვეტს, ჩემი ციტირება გააკეთოს, ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თმით, საზოგადოებას აგრესიისა და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს, რაც, როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგებშიც გამოიხატა.
“მეც ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ იმ აგრესიის, სიძულვილისა და ღვარძლის ნთხევაზე, რასაც ამ დარბაზში ჰქონდა ადგილი. ძალიან მიხარია – ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ აგრესიისა და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება სწორედ არჩევნების შედეგებში, ალბათ, ეს არის ყველაფრის პასუხი.
ერთადერთი, ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა, ვუთხრა, არის ის, რომ სხვა დროს, როდესაც გადაწყვეტს, ჩემი ციტირება გააკეთოს, ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებიც მას, ალბათ, მხოლოდ სმენია, მე ვიცნობ და, შესაბამისად, მათი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს ისედაც მშვენივრად გამომდის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ის სასამართლო რეფორმის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თვეების განმავლობაში სამუშაო ჯგუფის მუშაობა ღია პროცესის მეშვეობით დიდი ჩართულობით მიმდინარეობდა.
“რაც შეეხება ჩემს ძირითად საგანს, რომელზეც მინდა საუბარი – ეს შეეხება სასამართლო რეფორმასა და სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას. ჩვენ ამ სესიის, ამ წლის განმავლობაში, საკმაოდ მძიმე დისკუსიები და დებატები გვქონია სასამართლო რეფორმის თემაზე და წლის დასაწყისში ჩვენ დავდეთ პირობა და ვთქვით, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა – რომელმაც უნდა უპასუხოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში, ღიად იყო დატოვებული ან გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა და იყო იდენტიფიცირებული სხვადასხვა პირის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სისტემაში სწორი და ჯანსაღი პროცესების წარმართვას – ვთქვით, რომ ამ რეფორმას საკმაოდ სწრაფად შევქმნიდით, წარვმართავდით და დავაინიცირებდით. ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო ჯგუფის მუშაობა დიდი ჩართულობითი, ღია პროცესის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე – სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თვეების მუშაობის შედეგად, სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღწეულია კონსენსუსი, მოხდა შეთანხმება და უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში, ანუ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ადგილი ქონდეს დისციპლინურ გადაცდომას, საქართველოს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გაჯანსაღება და ასევე მესამე საკითხი, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართვის და ოპერირების წესები.
ეს სამივე საკითხი არის ძალიან მსხვილი თემა. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ საკითხებზე შეთანხმებას და მე ძალიან მიხარია, რომ, როგორც ჩანს, ის პროექტი, რომელზეც იყო შეთანხმება, სულ მალე იქნება ინიცირებული; პრინციპში, ამ სამივე მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს შემოგვთავაზებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ამ კანონპროექტის დაინიცირებასთან ერთად, მიღწეული იქნება ის შედეგი, რომ ყველაზე მკვეთრად, მკაფიოდ იდენტიფიცირებული არსებული პრობლემები საბჭოს საქმიანობის თუ მართლმსაჯულების მართვის კუთხით არსებული, საკანონმდებლო დონეზე სწორი ცვლილებებით იქნება ნაპასუხები.
მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ პროცესს მართავდა იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული ასეთი სამუშაო ჯგუფების წარმართვა. ყველა მხარეს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, სხვადასხვა ინტერესი აქვს და შეთანხმებამდე ამ პროცესის მიყვანა არის ხოლმე ურთულესი და ეს მეც გამომიცდია სხვადასხვა ფორმატში და ძალიან კარგად ვიცი, რამდენ ენერგიასა და მოხერხებულობას მოითხოვს ხოლმე ასეთი მუშაობა.
იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროექტი დაინიცირდება და შემდგომ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ საპარლამენტო, საკომიტეტო და სასესიო წესით განვიხილოთ და მხარი დავუჭიროთ ამ საკითხს.
ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ამ თემით დავიწყეთ სესია და, ალბათ, ამ თემით დავასრულებთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი