არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებულ კანდიდატს სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ორი ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნა შერჩეული და ჩვენ ყველაზე ღირსეულს შევარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებულ კანდიდატს სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და იმ მიმართულებას იცნობდეს, სადაც საქმიანობა მოუწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცველთა თითოეულ გადაცდომაზე რეაგირება იყოს.

„მან ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა პირადად მიიღო და ძალიან ღირსეული კანდიდატია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. ვინაიდან ინსტიტუტი ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის შექმნილი, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ თითოეულ ასეთ ფაქტზე რეაგირება იყოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, ლონდა თოლორაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვან დეპარტამენტს უხელმძღვანელა.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები. პარლამენტი მათ ხვალ, პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები