გიორგი გახარია: ღიმილისმომგვრელია, როცა ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების გარდა, სხვა არგუმენტი არ აქვს

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვოს“, – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოქროყანაში მომხდარ ინციდენტს.
მისი თქმით, შსს გამოხატვის თავისუფლებას არავის უზღუდავს.
„როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია, არის თუ არა ისეთი დანაშაულები, რომლებზეც ძიება დაიწყება. იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია მოქმედებს მყისიერად, წერტილი. გამოხატვის თავისუფლებას არავის არ ვუზღუდავთ. შესაბამისად, იქ სადაც იქნება კანონის დარღვევა ან მცირეოდენი გადაცდომა, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მყისიერი, ისევე როგორც ეს დღეს, რამდენიმე უბანზე მოხდა. იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის მცდელობა იყო. იქ ადამიანები იკითხებიან და მოკვლევა მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა კადრები გაავრცელა, სადაც მათი ინფორმაციით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ლევან თოფურიძის, მეტსახელად „კალაბოკას“ დაპირისპირებაა ასახული. ოპოზიცია ლევან თოფურიძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირსა და ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები