მერაბიშვილის საქმეზე შავგულიძის განცხადებას “ევროპული საქართველო” არც ეთანხმება და არც ემიჯნება

მთელი დღეა, „პირველი” ცდილობს, გაარკვიოს შავგულიძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი და ის მართლზომიერად დააკავეს, შეუქმნა თუ არა “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს პოლიტიკური უხერხულობა.
ნიკა მელიამ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, რომ დებატები არ უნახავთ. თემაზე კომენტარი გააკეთა სერგო რატიანმა, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს, განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს შალვა შავგულიძეს მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
“შალვა შავგულიძესა და ჩვენ, შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები გარკვეულ საკითხებში, რა არის ამაში პრობლემა?”, – ამის შესახებ „პირველთან” საუბარში „ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.
“შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი იმიტომ, რომ მას ეს ხელისუფლება მოექცა არასწორად. მე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ თავიდანვე იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისის დაკავების პოლიტიკური მოტივაცია არსებობდა”, – აცხადებს სერგო რატიანი.
“პირველი არხის” ეთერში გამართული დებატებისას შალვა შავგულიძემ ვანო მერაბიშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შსს-ს ყოფილი მინისტრის დაკავება მართლზომიერი იყო.
“მეკითხებიან, ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი? მარტივად გიპასუხებთ – “გირგვლიანის საქმეზე” ბრალდებასთან მიმართებით მიმაჩნია, რომ ეს იყო საფუძვლიანი და სამართლებრივად ლეგიტიმური ბრალდება, მაგრამ პატიმარ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაარღვია “ქართულმა ოცნებამ” კონვენციით გათვალისწინებული უფლება და ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ გამოყენებული ზომები არ შეესაბამებოდა მართლმსაჯულებას”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ.
წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები