ნათია თურნავა: ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის დასახლებები ინტერნეტით დაიფარება

“მთის განვითარება – ეს არის პრიორიტეტი, რომლისთვისაც არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტი გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს იმ პრინციპით, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას.
„დღეს ინტერნეტიზებულია ქვეყნის 88%, დარჩენილ 12%-ს დავფარავთ ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით, თუმცა, ამ 12%-ში შემავალ ისეთ დასახლებულ პუნქტებს, სადაც მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია და სადაც ტექნიკურად ვერ ხერხდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, დაგეგმილია და ორ ეტაპად განხორციელდება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი. პირველ ეტაპზე, დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, ხოლო მეორე ეტაპზე – პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები. მინისტრის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი – 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე).
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით  2017 წელს დასრულდა თუშეთში, სადაც დღესდღეობით 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები