ნათია თურნავა: არანაირი წინაღობა ანაკლიის პორტის განხორციელებას არ ექნება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

„არანაირი წინაღობა ანაკლიის პორტის განხორციელებას არ ექნება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტს დააზიანებს.
„არანაირი წინაღობა ანაკლიის პორტის განხორციელებას არ ექნება, არასოდეს სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დამაზიანებელი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრმა ფოთის პორტის ახალი პროექტის მშენებლობის ნებართვის შესახებაც ისაუბრა.
„ტექნიკური დარღვევის გამო აღნიშნული დოკუმენტი დღეს გაუქმებულია. ამასთან, ეს არ იყო მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი, ეს იყო მიწათსარგებლობის დოკუმენტი. სახელმწიფო მოხელე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ საქმის კურსში არ ჩამაყენა, დღეს თანამდებობაზე აღარ არის“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისათვის, 30 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის მიზეზი გახდა ის რომ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები