გია ვოლსკი “ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის განცხადებაზე: ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს აწყობდეს, არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ებრძვიან

“არ მგონია, რომ ცეცხლის წაკიდება ის მეთოდია, რომლითაც შეიძლება, რომელიმე ხელისუფლებამ გაიმარჯვოს”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ „ჩაინა ლილო სითის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის თემაზე განაცხდა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ჩაინა ლილო სითიში“ ხანძრის გაჩენით თუკი დივერსიაა განხორციელებული, ეს ვისაც უნდა გაეკეთებინა, არის ხელისუფლების წინააღმდეგი.
“ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება, აწყობდეს ასეთ სკანდალურ ვითარებაში, მით უმეტეს, არჩევნების წინ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ებრძვიან, მათ შორის – ასეთი დაუშვებელი მეთოდებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დივერსია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს. გადავხედოთ იმ ხალხის წრეს, ვისაც შეიძლება, ეს აწყობდეს. რაც შეეხება მფლობელებს – ანგარიშსწორების გაცილებით უფრო დახვეწილი მეთოდები ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხმამაღლა ლაპარაკობენ და არ მგონია, რომ ცეცხლია წაკიდება ის მეთოდია, რომლითაც შეიძლება, რომელიმე ხელისუფლებამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა.
როგორც „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლილოში „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები