ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომის შემფასებელი მისიის ექსპერტი ეწვია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპის კომისიის ევრო დიპლომის შემფასებელთა მისიის წარმომადგენელი-ექსპერტი – პიერ გალანი ეწვია.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ექსპერტი დაცულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს და მის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, გადაეცემა თუ არა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი 2020 წელს.
ვიზიტის ფარგლებში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში სხვადასხვა შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მთავრობასა და დაინტერესებულ პირებთან. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, პიერ გალანი ტერიტორიაზეც გავიდა და ადგილზე დაათვალიერა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და შეისწავლა არსებული მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ ევრო დიპლომი ვაშლოვანის დაცულმა ტერიტორიებმა 2015 წელს 5 წლის ვადით მიიღო. მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა.