ბორჯომში დაკარგული მეცხრეკლასელი გოგონები ზესტაფონში იპოვეს
ბორჯომში დაკარგული მე-9 კლასელი გოგონები, რომლებსაც პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ზესტაფონში იპოვეს და სახლებში დააბრუნეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვნების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის 1-ელი საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გოგონა გუშინ დილით გაუჩინარდა. ორივე მოზარდი დილით სახლიდან გამოვიდა, თუმცა სკოლაში არ გამოცხადდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ მოზარდები გაკვეთილებს აცდენდნენ.
მოგვიანებით, პოლიციამ ბავშვების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა.