კახა კალაძე: ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია
თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოთ: ყველას გექნებათ რთული მომენტები და არასოდეს დანებდეთ. პირველ რიგში, უნდა დაამარცხოთ საკუთარი შინაგანი მე, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნებით წარმატებულები, – ამ სიტყვები დედაქალაქის მერმა ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებს მიმართა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს სურვილი, რომ დაგეგმილი პროექტები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს.
„ზოგადად თქვენი როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა უფრო მეტად ყოფილიყო შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ კონცეფციას ახალგაზრდული მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დედაქალაქის მთავრობაც ჩაერთვება. ყველა პროექტში, რომელსაც ახორციელებს და გეგმავს თბილისის მერია, ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენს უკან არის რეაბილიტირებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია დავასრულეთ გასულ წელს. ეს ხიდი აკავშირებს მაღლივს და ბაგებს. წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ამ ყველაფერში – რასაც ვაკეთებთ და რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ თბილისი იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი იქნება განსაკუთრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული მიმართულების პროექტები და პროგრამები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.