პარლამენტში მიმდინარე რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი განიხილეს
პარლამენტში მიმდინარე რეგიონული კონფერენციის – „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
შეხვედრას ეუთო/დიაუბის წარმომადგენელი თიინა კუკამა-ბაჰი და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე უძღვებოდნენ.
ეუთო/დიაუბის წარმომადგენელმა, თიინა კუკამა-ბაჰიმ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისათვის. კერძოდ, მისი განცხადებით, ქვეყნების პარლამენტებში მყოფ პარტიებთან და ზოგადად, პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მიდის მუშაობა, რომ მათ გააძლიერონ გენდერული თანასწორობა საკუთარი პარტიებში და გამსვლელ პოზიციებზე წამოყენებული ყავდეთ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის დაახლოებით 35 ქვეყნის პარლამენტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.
აღინიშნა, რომ არსებობს ქალ პარლამენტართა სხვადასხვა ქსელი, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და პრობლემებს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პარლამენტის გენდერული საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა.
ქართველმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი აკეთებს კანონების გენდერულ ანალიზს. ამასთანავე, გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს შრომის კანონმდებლობაში ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც გააუმჯობესებს ქალების მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის ანაზღაურების სხვაობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე. გუგული მაღრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სულ ახლახან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სექსუალურ შევიწროების შესახებ კანონი, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმს – თემატურ მოკვლევას ძალიან ეფექტურად იყენებენ პარლამენტში და მათ შორის გენდერული თანასწორობის საბჭო – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესასწავლად.
„ორი თემატური მოკვლევის ჯგუფია შექმნილი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი ეს გახლავთ – სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ და მეორე – პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის”,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გენდერული თვითშეფასების მექანიზმების განვითარებაზე, გენდერულ კვოტირებაზე და სტამბოლის კონვენციაზე.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ასევე ევროპარლამენტის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ აღნიშნეს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. კერძოდ, ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ნებისმიერ კომიტეტში თავმჯდომარე და მოადგილე უნდა იყვნენ გენდერულად განსხვავებული. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ქალების და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამ მიმართულებით ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და მუშაობა მიდის ეროვნულ პარლამენტარებში.