პილოტი, რომელიც ყაზბეგში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ მოწმობას ფლობდა
პილოტი, რომელიც ყაზბეგში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (ATPL) მოქმედ მოწმობას ფლობდა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარდაცვლილი გამოცდილი პილოტი იყო.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში მყოფ BELL-505 ტიპის ვერტმფრენს მართავდა გამოცდილი პილოტი, რომლიც ფლობდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (ATPL) მოქმედ მოწმობას, გავლილი ჰქონდა გადასწავლება აღნიშნული ტიპის ვერტმფრენზე და პერიოდული საკვალიფიკაციო შემოწმება. პილოტის ნაფრენი საათების საერთო ოდენობა შეადგენდა 1400 საათზე მეტს.
სამოქალაქო ავიაციის მოკვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ახდენს პილოტის იდენტიფიცირებას.
საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
გამოცდილი და პროფესიონალი პილოტის დაღუპვა უკიდურესად დიდი დანაკლისია ჩვენი საავიაციო დარგისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, 6 ივნისს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი – ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
შს სამინისტრომ ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.