ჩვილი, რომელიც ლაგოდეხში 16 წლის აზერბაიჯანელმა მოზარდმა გააჩინა, პათოლოგიით დაიბადა
16 წლის გოგონა, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “არქიმედეს” კლინიკაში ბავშვი გააჩინა და 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელია.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში განუცხადეს, ჩვილი ამჟამად საავადმყოფოში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, ჩვილს სუნთქვის უკმარისობის პათოლოგიაა აქვს და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
არასრულწლოვანმა 30 მაისს იმშობიარა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედა შვილზე უარს აცხადებს.
„ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ დედა შვილზე უარს აცხადებს. ჩვენი წარმომადგენელი ჩართულია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ის დედას გაესაუბრა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა. როგორც დედა ამბობს, იგი ბიოლოგიურ სახლში თავს უკეთ იგრძნობდა და საავადმყოფოდან სახლში გაეწერა.
რაც შეეხება ჩვილს – ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პატარა სუნთქვის უკმარისობით დაიბადა და, ამჟამად, ხელოვნურად მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ არასრულწლოვანის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს ლაგოდეხის საავადმყოფოდან მიაწოდეს.
ჩვილის დედა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.
არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.
უწყების ცნობით, ასევე, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით. მას შემდეგ, რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.