ირაკლი კობახიძემ რეგიონული კონფერენცია – „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ გახსნა

„ჩვენ ახალ წელს შევხვდით ახალი კონსტიტუციით, ახალი რეგლამენტითა და გაზრდილი შესაძლებლობებით, განსაკუთრებით, საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონულ კონფერენციაზე – „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ყურადღება აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტებით დაცვასთან. ასევე, ზოგადად, ზედამხედველობა არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოების განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2017-2018 წლებში ქვეყანაში განხორციელებულ მასშტაბურ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეფორმის საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პარლამენტს მმართველობის სისტემაში ცენტრალური ადგილი უკავია. მისივე თქმით, რეფორმამ ვენეციის კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
​ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად, საჭირო იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახლებური გააზრებაც. მისი თქმით, ცვლილებების მიხედვით, პირველად ამოქმედდება პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის პრაქტიკა.
„საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ, საგანგებოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, დიდი ჩართულობით შემუშავდა რეგლამენტის ახალი პროექტი და ახალმა რეგლამენტმა, კონსტიტუციასთან ერთად, უზრუნველყო პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება ზედამხედველობის სფეროში. ცვლილებები მოიცავს ინტერპელაციის დახვეწილ პროცედურას, პრემიერმინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას. საქართველოში არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არ წარდგებოდა პარლამენტის წინაშე რეგულარული ანგარიშებითა და ახალი კონსტიტუციით და რეგლამენტით, დამკვიდრდა პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის პრაქტიკა და მოხარული ვართ, რომ ამ თვის ბოლოს პირველად ამოქმედდება ეს პრაქტიკა და პრემიერ მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
​ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს ის ფუნდამენტური ცვლილებები გააცნო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მისივე თქმით, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, შემუშავდა ეთიკის კოდექსი, რომელიც დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ეთიკის სტანდარტების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაძლიერდა ზედამხედველობის ინსტრუმენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“საქართველოს პარლამენტი ამაყობს, რომ არის განსაკუთრებულად გახსნილი მოქალაქეების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიმართ, მაგალითად, საკომიტეტო სხდომები პარლამენტში წარიმართება აბსოლუტურად ღია ფორმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს კომიტეტის სხდომას და დაუსვას კითხვები მომხსენებელს, იყოს ჩართული დისკუსიაში – ეს არის აბსოლუტურად ღია პრაქტიკა, რითაც საქართველოს პარლამენტი ძალიან ამაყობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
​მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმით აქვს აღებული.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებას, მათ პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
„ეს საკითხი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რაც არ უნდა ხშირი ვიზიტები ხორციელდებოდეს პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამას თუ არ დახვდება შესაბამისი რესურსი, ზედამხედველობა ვერ იქნება ეფექტიანი. თითოეულ ვიზიტს, თითოეულ პასუხს, რომელიც გაიცემა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, სჭირდება სათანადო ანალიზი და ეს ანალიზი უნდა განხორციელდეს კომიტეტების, სხვა საპარლამენტო სუბიექტების შესაბამისი აპარატების მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენი აპარატის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ვითარდება სასწავლო ცენტრი და ამ კუთხით, წინსვლა სახეზეა.
​ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარლამენტის კვლევით ცენტრზეც, რომელიც ახლა ჩამოყალიბების პროცესშია.
„დიდ იმედებს ვამყარებთ ახალ კვლევით ცენტრზე, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ექნება ძალიან ფართო შესაძლებლობები, ის მოემსახურება პარლამენტს, პარლამენტარებს, და ასევე, მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება საპარლამენტო ცხოვრებაში და საჯარო საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა. გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული გეგმა და დარწმუნებული ვართ, რომ კვლევითი ცენტრი სათანადოდ უზრუნველყოფს ამ ფუნქციის განხორციელებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​მისივე თქმით, კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა ჩართვა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
​„წინ გველის ძალიან საინტერესო, გამოწვევებით სავსე საპარლამენტო საქმიანობა. ზედამხედველობა არის პროცესი, რომელიც მუდმივ დახვეწას საჭიროებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დანახვა, შესწავლა, რომელიც დგას საქართველოს პარლამენტის წინაშე, მათი გაანალიზება და ამ ანალიზის შესაბამისად, ზედამხედველობის პრაქტიკის მუდმივი დახვეწა. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში, თქვენგან მივიღებთ მნიშვნელოვან ცოდნას, გაგვიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია თქვენი პარლამენტების საქმიანობასთან და ჩვენც მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში“, – მიმართა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები