შოთა გულბანი: საპენსიო სქემაში მონაწილეობით ჩვენ უკეთეს სოციალურ სისტემას მივიღებთ

“საპენსიო სქემაში მონაწილეობით ჩვენ უკეთეს სოციალურ სისტემას მივიღებთ, ამით ადამიანებს შეეძლებათ, ფინანსურად ღირსეული სიბერე უზრუნველყონ და რა კონტრიბუციაც შეიტანეს ეკონომიკაში, საპენსიო ასაკში გასვლისას იმის საზღაური ადეკვატურად მიიღონ“, – აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი, შოთა გულბანი.
ამასთან, გულბანის შეფასებით, მოქალაქეები, რომლებიც საპენსიო სქემაში არიან გაწევრიანებულები, არ იქნებიან დამოკიდებულნი მხოლოდ საბაზისო პენსიაზე, რაც სამართლიანობისგან შორსაა.
მისივე თქმით, დღეს რეალობა შეიცვალა და წარსული გამოცდილების გამო დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე უარის თქმა არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
„პირდაპირ ვეუბნები ამ ადამიანებს, დღეს ინსტიტუციები მუშაობენ, დღეს ევროკავშირის წევრობამდე არცთუ ისე ცოტა დრო დარჩა, სულ სხვა მაკროეკონომიკური მოცემულობაა. შედარებაც არ შეიძლება იმ საქართველოსი და ამ საქართველოსი, იმ ეკონომიკისა და ამ ეკონომიკის. ჩემი მოსაზრებით, ეს რისკი მომავალში ძალზე მინიმალიზირებულია. საპენსიო ფონდის მიმართ უნდობლობა მეტწილად შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ გარემოებასთან, რომ ადამიანების ეს კატეგორია იმ პერიოდშია დაბადებული, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რთული პერიოდის მომსწრენი გახდნენ, მოხდა ჰიპერინფლაცია, გაუფასურდა საბჭოთა ანაბრები, შესაბამისად, მათ მიერ დაგროვილი დანაზოგები აორთქლდა, დაიკარგა. მათ ახლაც ჰგონიათ, რომ იგივე შეიძლება, განმეორდეს და რისკები არსებობს, მაგრამ ახლა სხვა დროა. საპენსიო ფონდში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს შოთა გულბანი.
აფბა-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოობის პრინციპით არის ჩართული.
მისივე თქმით, ამ პრინციპის გარეშე საპენსიო რეფორმა წარმატებით ვერ იმუშავებდა.
,,ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 20 ლარის ინვესტირებით ადამიანი მომენტალურად 60 ლარის უკუგებას მიიღებს. ანალოგიური საფინანსო შესაძლებლობა ინვესტირების თვალსაზრისით არცერთ საფინანსო კომპანიას აქვს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ინიციატორი არის ქვეყნის მთავრობა და საქართველოს მოსახლეობის დასაქმებული ნაწილი სრულად არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში“, – აცხადებს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები