არჩილ თალაკვაძე გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას მხარი უპრეცედენტოდ ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.
მისივე თქმით,საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ხაზგასმით არის აღნიშნული ის დარღვევები და ოკუპაციის საკითხი, რაც საქართველოს ორ რეგიონში ხდება.
“ასევე, არის კონკრეტული საკითხები დაყენებული, როგორიც არის დევნილების უფლება, რომ დაუბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილს. ამის გარდა, რუსეთი მთელ რიგ პირობებს არღვევს, მათ შორის იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში. ყველა საერთაშორისო ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას იმ ფონზე, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ნაწილი ყოველდღიურად იმით არის დაკავებული, რომ როგორმე ზიანი მიაყენოს ჩვენი ხელისუფლების გაწეულ სამუშაოს საერთაშორისო ფორმატებში. ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, აუცილებლად გამოგვადგება, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს. კონკრეტული მშვიდობიანი ინიციატივა გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ამ რეზოლუციას მხარი უპრეცედენტოდ ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა, რაც მიუთითებს, რომ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში და ინდივიდურად სხვა ქვეყნის მთავრობებთან მთავრობა ეფექტურად მუშაობს. ჩვენ იმ მომენტს ველოდებით, როდესაც გლობალურ პოლიტიკაში ამ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ამ მომენტს ჩვენ კიდევ უფრო მეტი განვითარებითა და საერთაშორისო ფორმატებში უფრო ძლიერი პოზიციებით დავხვდებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. აღსანიშნავია, რომ წელს გაერო-ს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა, შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44-ით მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები