გიორგი ლომია: სასამართლოში არსებულმა კლანმა ვერ დაძლია საზოგადოების პროტესტი

“სასამართლოში არსებულმა კლანმა უკან კი არ დაიხია, არამედ  ვერ დაძლია საზოგადოების პროტესტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა მთავარია, ამ სიიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რამდენად სამართლიანად და კეთილსინდისიერად შეირჩევა მოსამართლეთა კანდიდატები.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ იმ მოსამართლეებთან ერთად, ვინც არცხვენდა სასამართლო სისტემას, სისტემაში მართლა ღირსეული ხალხი, წესიერი, პატიოსანი მოსამართლეები მუშაობდნენ. რასაკვირველია, ამ სიაშიც იქნებიან ღირსეული ადამიანები. რაც შეეხება მოქმედ პროკურორს, ვერ გეტყვით, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – რატომ სურს ბატონ თადუმაძეს სასამართლო სისტემაში წასვლა. ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რა სია შეირჩა, ჩემთვის მთავარია რამდენად სამართლიანად და კეთილსინდისიერად ამოირჩევა მოსამართლეთა კანდიდატები ამ სიიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მაქვს პრეტენზიები უფრო მეტად, ვიდრე – ამ სიასთან  იმიტომ, რომ პარლამენტში მათ მიერ შერჩეული კანდიდატები მოხვდებიან. რამდენად კეთილსინდისიერად იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამაზე გვაქვს საუბარი. თუ გვინდა, სასამართლო სისტემაში, რეალურად, რაღაც შეიცვალოს, ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ. თავში გვყავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კანდიდატებს ირჩევს, მაგრამ რა პრინციპით ირჩევს, დღემდე ვერ დავადგინე. ის ამბობს, რომ არის კეთილსინდისიერი ადამიანი. რომ ვეკითხები, რატომ ფიქრობთ, რომ არის კეთილსინდისიერი ადამიან , ამაზე პასუხს ვერ გვცემენ  კეთილსინდისიერება მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმი არ არის. ეს აბსტრაქტული რამაა, იქ უნდა განისაზღვროს, რას ნიშნავს კეთილსინდისიერება.
დღეს თუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ სასამართლო სისტემა გაიწმენდა, ეს არ ის ტყუილი. თუ ჩვენ დღეს ვხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებას და არ ელოდებიან, ზემოდან რას ეტყვიან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერზე იღებენ გადაწყვეტილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ, უბრალოდ, დღეს არსებობს პოლიტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები.

სასამართლოში არსებულმა კლანმა უკან კი არ დაიხია, არამედ ვერ დაძლია საზოგადოების პროტესტი და წინსვლის სხვა ფორმას მიმართა. ანუ თუ კლანს ჰყავს თავი, სიტყვაზე, მმართველი ორგანო, ეს მმართველი ორგანო იქნება თუ არა სასამართლოს სისტემაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თუ ის იქნება მოსამართლის მმართველი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ იმას კი არ ვამბობდით, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე ან სხვა მოსამართლეები, რომლებიც ასრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს, მარტო მოსამართლეებად არ გაეშვათ სადმე, არამედ ჩვენ ვამბობდით, რომ მათ პასუხი უნდა აგონ ჩადენილი დანაშუალისთვის“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1-ელ ივნისს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე არ არიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაში იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. სიაში აღარ გვხვდება მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურები. რაც შეეხება დანარჩენ 8 პირს  – მათი გვარები გვხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა ახალ სიაშიც. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები