„7 წლის გიორგი ბაგრატიონი, უგო და იოანე ბაგრატიონები“ – „სამეფო კლუბი“ “მეფობის კანდიდატებს” ასახელებს

„საქართველოს სამეფო კლუბი”, რომელიც საქართველოში მონარქიის აღდგენის მსურველია, აცხადებს, რომ მეფობის რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ სპიკერმა, გია მამალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ არის რამდენიმე კანდიდატი. გიორგი ბაგრატიონი (ანა და დავით ბაგრატიონების შვილი) რა თქმა უნდა, კანდიდატია, თან ბავშვია და ყველას უყვარს. ასევე, კანდიდატები არიან დავით ბაგრატიონის ძმა – გურამი (უგო), დავით ბაგრატიონის ბიძაშვილი იოანე, რომელიც ესპანეთის მეფის ნათესავია. 7 წლის ბავშვი იყო ბაგრატ მეოთხე, როცა ტახტზე ავიდა, მაგრამ ის იყო ფეოდალური ხანა და მაშინ მართავდნენ სხვები. ჩვენ ფეოდალურ მონარქიასთან არავითარი კავშირი  გვაქვს, სიმბოლურადაც კი არ იქნება თავადის, აზნაურისა და გლეხის წოდებები, ეს გამორიცხულია. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ იმ პერსონას, რომელიც იქნება მეფობისთვის შესაბამისი. შერჩევა დიდი ხანია, მიმდინარეობს. ვაკვირდებით ყველას, ვინ როგორ იქცევა, ვინ როგორ ცხოვრობს. არ უნდა იყოს სკანდალური პიროვნება, არ უნდა თამაშობდეს კაზინოში, არ უნდა იყოს რაღაც ძალადობებში შემჩნეული, არ უნდა იყოს ფულის დიდად მოყვარული. უნდა იყოს კარგი ოჯახისშვილი, კარგი მეუღლე, უნდა იყოს ქრისტიანი”, – განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, 7 წლის გიორგი ბაგრატიონის გამეფების შემთხვევაში მეფის მოვალეობას შეასრულებს მისი რომელიმე ბიძა, ან უგო, ან იოანე. მამალაძე ამბობს, რომ დავით ბაგრატიონის იმიჯი დაზიანებულია იმ დავის გამო, რომელიც ანა და დავით ბაგრატიონებს შორის მიმდინარეობს და ანა ბაგრატიონზე შესაძლო ძალადობას ეხება.
როგორც გია მამალაძე განმარტავს, მათ სახალხო მონარქიის შექმნა სურთ. „სამეფო კლუბის“ სპიკერი ამბობს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი არ აქვს. მისი თქმით, კლუბი მუშაობს იმაზე, რომ მათი პროექტი საზოგადოებას გააცნოს.
„ტერმინი “სახალხო მონარქია” ჩვენი შემოტანილია, ნიშნავს, დაახლოებით, იმავეს, რასაც ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ისეთ მონარქიას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დაცლილი ადამიანების წოდების მიხედვით დაყოფისგან. არავითარი ტიტულები აღარ არსებობს 1918 წლიდან. ტიტულების აღდგენა, მიწების დაბრუნება რომელიმე ფენისთვის, სამეფო კარის შექმნა, ვინმეს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან – გამორიცხულია. მეფე მეფობს, მაგრამ ხალხი მართავს. ფაქტობრივად, ეს არის რესპუბლიკური მონაქია. როცა ყველაფერი არჩევითია, ერთადერთი შემოგვაქვს ის, რომ სახელმწიფოს პირველი პირი, მეფე, საქართველოს ისტორიის წარმომადგენელი იქნება, არ იქნება წარმომადგენელი არც „ოცნების“, არც „ნაციონალების“. რაც მთავარია, პირველი პირი იქნება მირონცხებული, ის იქნება ხალხის წარმომადგენელი. არ ექნება უფლება, რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა განახორციელოს.
პრეზიდენტის არჩევნებისთვის შარშან ბიუჯეტიდან დაიხარჯა 60 მილიონი ლარი, მილიონობით ლარი იხარჯება სალომე ზურაბიშვილისა და მისი აპარატის შესანახად, მაშინ როცა არავითარი ფუნქცია   აქვს. ამის მოხსნა გვინდა ჩვენ. სახელმწიფოს სჭირდება სიმბოლური მეთაური, რომელიც დააჯილდოებს ადამიანებს, მიიღებს ელჩებს, იქნება ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ, რომ საქართველოს მთავარსარდლისა და პირველი პირის არჩევაში ფული არ დავხარჯოთ“, – განაცხადა მამალაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები