ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოს დახასიათებები წარუდგინა-მათ შორის, ცნობა მონასტრიდან
მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც.
როგორც ჯიბღაშვილის ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი აცხადებს, ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.
“ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდავოდ მივიჩნიეთ. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას – ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი”, – განაცხადა კოტეტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.