კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით მიმართავს.
ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია, კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კომუნიკაციების კომისიისა და ევროსაბჭოს ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე – „მედიაწიგნიერება საქართველოში“ გააჟღერა.
ხათუნა ივანიშვილმა აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს დღეს გააცნო.
კომისიის ინიციატივით, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სამუშაო ფორმატი, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და მონაწილეობით, წელიწადში ორჯერ მსგავსი ტიპის შეხვედრებს უზრუნველყოფს. ასევე, კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვანია ერთიანი საკომუნიკაციო ონლაინსივრცის შექმნა.
„გარდა ერთიანი ქსელისა, კომისიის ინიციატივაა, შეიქმნას ეროვნული მნიშვნელობის ვებპლატფორმა, რომელიც მომხმარებელსა და ყველა დაინტერესებულ პირს, მედიაწიგნიერების მიმართულებით ნებისმიერი უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და შესაბამის მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც აქვს კომუნიკაციების კომისიას, ეს არის ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული კვლევის ჩატარება მედიაწიგნიერების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი კვლევა ჩვენთან არ არსებობს, კომისია გთავაზობთ, ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რათა გვქონდეს სიღრმისეული კვლევა, რა გამოწვევების წინაშე ვართ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.
სწორედ ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებაა ევროპისსაბჭოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მედიაწიგნირების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
პროფესიული, ეთიკური, პლურალისტული და პასუხისმგებლიანი მედიაგარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანისა და ასევე, ინტერნეტსივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ევროსაბჭო ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა დღეს სამუშაო შეხვედრა „მედიაწიგნიერება საქართველოში“.