ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა „მედიაწიგნიერება საქართველოში” ჩატარდა

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროპის საბჭომ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა – „მედიაწიგნიერება საქართველოში”  ჩაატარა.

“ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით ასეთი გაფართოებული შეხვედრა პირველად შედგა. სპეციალურად ამ დღისთვის ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულ იქნა მედიაწიგნიერების ექსპერტი, ირლანდიის ეროვნული კოორდინატორი – მარტინა ჩეპმენი. მარტინა ჩეპმენი ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების კონსულტანტია, როგორიცაა: ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია, ირლანდიის მედიის მარეგულირებელი, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი  და BBC. სწორედ  მარტინა ჩეპმენი იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონსულტანტი”,- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყანაში მედიაწიგნირების მიმართულებით, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები და ციფრული მედია  ყოველდღიურად ვითარდება, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მედიაწიგნიერების ხელშეწყობა და განვითარება. კერძოდ, საზოგადოებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების გაღრმავება, როგორიცაა მედია პროდუქტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი, აღნიშნული უნარ-ჩვევები საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვანს, ინფორმაციული არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე აქტიურად იქნა განხილული ამ მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს მედიაწიგნიერების განვითარებაში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და თავად მედიის როლზე. როგორც ცნობილია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების უფლებამოსილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისას კანონმდებლობით  აქვს განსაზღვრული. კომისიის ხედვით, მიზნის მისაღწევად, კონკრეტული პროექტების განხორციელებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით, მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებთან ერთიანი ძალისხმევით გამკლავება.

სწორედ მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებაა ევროპის საბჭოს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო ახორციელებს ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში”, რომლის მიზანიც პროფესიული, ეთიკური, პლურალისტული და პასუხისმგებლიანი მედია გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა და ასევე, ინტერნეტ-სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

თავისუფალი მედიისა და ინტერნეტსივრცის ჩამოყალიბებისთვის კი, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლება. შესაბამისად, ევროპის საბჭო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან, სამთავრობო და არასამთავარობო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და მხარს უჭერს მედიაწიგნიერების ხელშეწყობისკენ მიმართულ ინიციატივებს. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა სწორედ პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა“,- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები