დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს

„ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომ ეცადოს, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მან ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას ბრიფინგიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას არასწორი და გადამეტებული ინფორმაცია მიაწოდოს.
„მათი მხრიდან მსგავსი რამ ყველა არჩევნებზე ხდება, მაგრამ, როგორც წესი, ეს ყველაფერი იმ დასკვნებით არ დასტურდებოდა, რაც არჩევნების შემდეგ იდებოდა. ოპოზიციური პარტია ცდილობს, საზოგადოება არასწორი, დეზინფორმაციული, გადამეტებული და გაფერადებული ინფორმაციებით მოატყუოს. მთაწმინდაზე უპრეცედენტოდ ღია და გამჭირვალე წინასაარჩევნო პროცესია. საზოგადოება ხმას ღირსეულს მისცემს და ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.
ასეთი სახით მანიპულირება მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ მაშინ, როცა მათთვის ცნობილია, მოსახლეობა მხარს ვის უჭერს. ჩვენი კანდიდატი ნომერ პირველია და ეს მეორე ტურში დადასტურდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან ინფორმაცია აქვს, რომ პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში კრიმინალების მობილიზება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები