“ჩერნოვეცკის” ფონდი: ნათელაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ნათელაშვილების ოჯახს უკვე რამდენიმე წელია, რაც საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება. 57 წლის დედა, ქეთევან თოდაძე ორ სნეულ შვილსა და მეუღლეს უვლის, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ. ქეთევანმა დახმარების თხოვნით „ჩერნოვეცკის“ ფონდს მიმართა.
ქეთევანი: სამი წლის წინ, ჩემს მეუღლეს ნერვებმა უმტყუნა. როდესაც ჩვენს შვილს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა, მის სამკურნალოდ ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვქონდა და აქ გადმოვსახლდით (საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა). მრავალწლიანმა მკურნალობამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო. ახლა ლევანი 17 წლისაა, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, არაა აგრესიული და გვიჯერებს, მაგრამ ეს შედეგი რომ მიგვეღო, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დავრჩით და მხოლოდ სოციალური შემწეობით ვირჩენთ თავს. ზვიადი – ჩემი მეუღლე, ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას და, საბოლოოდ, მასაც უმტყუნა ნერვებმა.
– ამ სახლს ქირაობთ?
– დიას, თვეში 50 ლარად. პირობები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აქედანაც შეიძლება, ნებისმიერ დროს გაგვასახლონ, თუ პატრონი სახლის გაყიდვას გადაწყვეტს. ჩვენი შემოსავალი ქმრისა და შვილის პენსია და სოციალური შემწეობაა, რომელიც წამლების, საკვების საყიდლად და კომუნალური გადასახადების დასაფარად ძლივს გვყოფნის.
– თქვენ არ მუშაობთ?
– განათლებით ინჟინერი ვარ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც ვმუშაობდი, მაგრამ რაც ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, სამსახურს თავი დავანებე. ახლა ძალიან მინდა მუშაობა, მაგრამ მეც ვერ დავიკვეხნი კარგი ჯანმრთელობით. სამჯერ გავიკეთე ოპერაცია – კისტა ამომაჭრეს, ერთხელ თვალებზეც მომიწია… გული მაწუხებს, მაღალი წნევები…
– ოპერაცია სახელმწიფომ დაგიფინანსათ, არა?
– კი, სახელმწიფომ დამაფინანსა. ასევე, ჩემი ქმარი და შვილი სახელმწიფო პროგრამის სერვისებით სარგებლობენ. ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება, როგორც შეუძლიათ – ისე. მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. გამგეობა ორ თვეში ერთხელ წამლებს გვიფინანსებს, უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ…
– ამჟამად, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
– საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. რამდენიმე დღის წინ გაზქურა აგვიფეთქდა. სარეცხი მანქანა არც გვქონია არასდროს. მაცივარი არ მუშაობს… ძალიან ბევრი მსმენია თქვენი ფონდის შესახებ, რომ უამრავი გულისხმიერი ადამიანები ეხმარებიან საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს. მინდა, რომ ჩემი ხმა მათ მიაწვდინოთ! ვოცნებობ, რომ ჩემი შვილი და მეუღლე კვლავ ჯანმრთელები იყვნენ.
“მეგობრებო, ნათელაშვილების ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება, ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება! მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა, ტელ: 591 31 31 87; თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათელაშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.
R