ორბელიანის მოედანი დღეს გალაკონცერტით გაიხსნება
ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი დღეს, 20:00 საათზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გალაკონცერტზე 20 ნომერი შესრულდება და სულ საათ-ნახევარს გასტანს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „ცისფერი ტრიო“, სოფო ბათილაშვილი და სტეფანე.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს, ჯამურად, 2 წელი დასჭირდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა 20 შენობა, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეაბილიტირდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონა – 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერები და კეთილმოეწყო შვიდი ქუჩა.

