ნანა კოსტავა საკრებულოს არ ტოვებს: ჩემმა ამომრჩეველმა მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი
ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა, რომელიც საკრებულოდან წასვლაზე განცხადების დაწერას დღეს აპირებდა, სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.
კოსტავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ამომრჩევლის თხოვნის გამო ცვლის.
„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი მიღირს იმად, რომ საზოგადოება ამ ორ დღეს ასე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ მე მიკვირს, ვიღაც ნანა კოსტავასთვის რატომ ინერვიულეს. მეორე საკითხი – ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ“, – აცხადებს კოსტავა.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
ნანა კოსტავას “პოსტს” საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
ამასთან, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა.