მეუფე დანიელი: მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს
„მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე მადლობას ჩვენ ვწირავთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“ – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სოფელ ფოკაში განაცხადა, საიდანაც მრევლმა და სასულიერო პირებმა 42-დღიანი მსვლელობა დაიწყეს.
მეუფე დანიელმა მოსახლეობას წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეკლესიური სახელი ნინოა.
„საკურთხევლის აღმართვიდან 30 წლისთავს ვზეიმობთ აი, ამ წმინდა ადგილიდან, საიდანაც ნინომ დაიწყო სვლა საქართველოში და ქადაგება. 30 წლის მანძილზე, ჩვენ ვზეიმობთ წმინდა ნინოს გზაზე საქართველოს ეკლესიისა და სამღვდელოების და მრევლის მოგზაურობას. ამ ზეიმს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე, ეკლესიურად ნინო, ზურაბიშვილი, ჩვენ მას ვულოცავთ ანგელოზის დღეს. იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ, ქალბატონო ნინო, შეგიწიროთ ღმერთმა ეს ღვაწლი. ასევე, მინდა, აღვნიშნო ხაზგასმულად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის ღვაწლი არა მარტო ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ საერთოდ, წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის ასეთ მხარდაჭერაში,“ – განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილმა).
მსვლელობაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.