მამუკა ბახტაძე: ფოკაში ბერ-მონაზვნები ლოცვითა და შრომით აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს

“აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ, თქვენი ლოცვით, 24-საათიანი შრომით, აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოკაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 30 წლის წინ აღდა ამ ადგილას ქართულად ლოცვა, რაც მისივე შეფასებით, ეპოქალური პერიოდია.
​„ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მთავარი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი რელიგიისა. ეს არის ის ძლიერი ფესვები, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, რითაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყობს.
ისტორიული ქარტეხილების გამო, თითქმის 300 წლის განმავლობაში არ აღევლინებოდა ლოცვა ამ წმინდა ადგილებში. ჩვენი უწმინდესის მეცადინეობითა და ინიციატივით, 30 წლის წინ, დაიწყო ქართულად ლოცვა ამ ულამაზეს კუთხეში და ესეც არის ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდი.
აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ, თქვენი ლოცვით, 24-საათიანი შრომით, აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ იგეგმება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ტურისტების რაოდენობას ათჯერ გაზრდის.
“მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს. ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ახალი ეკონომიკური სიცოცხლე შემოვიტანოთ ამ ულამაზეს კუთხეში. ეს იქნება ახალი გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმ ათჯერ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ამ ულამაზეს კუთხეში. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა საგანძურის მფლობელია ეს ულამაზესი კუთხე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა მღვდელმთავრებსა და ადგილობრივ მოსახლრობასთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღო საზეიმო მსვლელობაში, რომელიც ფარავნის ტბასთან დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები