საკრებულოში პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” გრძელდება
თბილისის საკრებულოში, შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტის, „თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მიეძღვნა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის და პროექტის ინიციატორის, მარიკა დარჩიას თქმით, დღევანდელი ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანებოდა.
“პროექტი, რომელიც ქალაქის მასშტაბში მოქცეულ სხვადასხვა თემას, საინტერესო შენობებს, ინფრასტრუქტურასა და მოვლენას ეძღვნება, ამჯერად პირველ ივნისს დაემთხვა და გადავწყვიტეთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან კავშირი გვეპოვა. ამიტომაც, დღეს, პროექტის, “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” თემის სახელწოდება “სასახლე თბილისში” გახლავთ. ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა აღზარდა”, – აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ეროვნული სასახლის ფოტოების გამოფენაც გაიმართა. სასახლის შესახებ საინტერესო ცნობები კი მისმა წარმომადგენლებმა აუდიტორიას საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის დარბაზში გააცნეს, სადაც ფილმის ჩვენებაც შედგა.