1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს
1 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა სწორის და ქართველთა განმანათლებელის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. მანამდე, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს, მგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლადწმინდა ქალწულის მინიშნებით, ქართველი ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად, ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა. წმინდა ნინო ქალწულ მოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან ერთად სომხეთში ჩავიდა. წმინდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, ნინო, ღვთაებრივი გამოცხადებით, ფარვანის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა.
“ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა”, “მთანი ჩრდილოსანი” კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, “სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკთა”.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს მისი მიცვალების დღეს – 14 (27) იანვარს იხსენიებს.