ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
როგორც “კვირას” სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, უწყების ეზოში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ სივრცეში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და მრზუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„ჩვენი უმთავრესი მოვალეობა თქვენზე, ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის და მით უმეტეს, თქვენი უფლებაა. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. ვისურვებდი, რომ ბევრმა თქვენგანმა მომავალი პროფესია სწორედ გარემოს დაცვის სფეროს დაუკავშიროს და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს მის დაცვასა და სწორად განვითარებაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ბავშვებისთვის გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა სახალისო ვიქტორინაში და შემეცნებითი სახის გარემოსდაცვით თამაშებში მიიღეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პატარებს გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ჩაუტარეს მასტერკლასი მცენარეთა დარგვისა და მოვლის წესების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ხელით ჩარგეს მცენარეები ქოთნებში, რომლებიც ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადაეცათ.
ღონისძიების პარტნიორი კომპანიები „ბარამბო” და „ზედაზენი” პატარებს საკუთარი პროდუქციით – ნაყინითა და ლიმონათებით გაუმასპინძლდნენ.