ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს.
გარდა ამისა, ბრალი წარუდგინეს აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს – არჩილ ვანაძესა და ბათუმის მერიის ქონების სამსახურის ხელმძღვანელს, გოგა ლომაძეს.
ბრალდებულებს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
მათი თქმით, „კონვენტ ჯორჯიამ“ ტენდერი კანონის სრული დაცვით მოიგო და აზერბაიჯანულ კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის პროკურატურამ გუშინ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და 6 მაღალჩინოსანი დააკავეს.
საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.