მამუკა ბახტაძე ოპოზიციას: სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები, რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო

“თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო?- 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები ჩვენი მეშვეობით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ოპოზიცის წარმომადგენლების მიერ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.
“მოდით, ყველამ კარგად გავიხსენოთ ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში. საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა – პირველი, რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700-800-პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომლებიც თქვენ დაგვიტოვეთ. მეორე – ყოფილიყო ჯარიმებსა და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი -7-პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა, შეგახსენოთ, თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო?- 21 პროცენტი.
გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო – არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში, სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები