ადვოკატი: „საქართველოს ბანკის“ ანგარიშები დაუცველია, ჰაკერები სოლიდურ თანხებს ითვისებენ

ადვოკატ გიგი სისვაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ ანგარიშებიდან ჰაკერები სოლიდური თანხების მითვისებას ახერხებენ და ამის უკვე ათეულობით ფაქტი ფიქსირდება. ადვოკატი ამბობს, რომ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშები დაუცველია და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბანკს ზომები არ აქვს მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა გიგი სისვაძემ ერთ-ერთ დაზარალებულთან, სოსო სეფაშვილთან ერთად მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისში სოსო სეფაშვილის ანგარიშიდან მოხდა სოლიდური თანხის ჰაკერული გზით, „ფიშინგით“ მითვისება ჰაკერების მხრიდან. ეს ის შემთხვევა არ არის, სოსოს მხრიდან ყოფილიყო რაიმე ინტერნეტვებგვერდზე შესვლა, თავისი მონაცემების მითითება, ჰაკერების ხაფანგში გაბმა. მისი მხრიდან ასეთი ქმედება არ ყოფილა. ვერც ბანკი ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტი იყო. სოსოს შემთხვევა არ არის ერთეული და არის მსგავსი ათეულობით შემთხვევა მაისიდან მოყოლებული. სოსო „სოლო ბანკირი“ გახლავთ, ეს არის „საქართველოს ბანკის“ განსაკუთრებული სტატუსი. ეს სტატუსი გულისხმობს, მათ შორის, იმასაც, რომ განსაკუთრებული პირობებით ვრცელდება მათზე დაზღვევა .როცა „სოლო ბანკირი“ ხდები, „საქართველოს ბანკი“ ამ შეთავაზებას გიკეთებს და ამით ცდილობს, რომ მიიზიდოს კლიენტები. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რეალურად, „საქართველოს ბანკი“ ემიჯნება თავის ანგარიშებზე განთავსებული თანხების მითვისებას. საქმეში ფართოდ ჩახედვის შემდგომ აღმოჩნდა, რომ „საქართველოს ბანკს“, კერძოდ „სოლო ბანკს“, საერთოდ არ აქვს უსაფრთხოება დაცული.
2013 წლის 22 მარტს ეროვნულმა ბანკმა კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე ბრძანება მიიღო. ეს ბრძანება განსაზღვრავს, რა ვალდებულებები აქვს ბანკს და როგორი ფორმით უნდა მოახდინოს, კონცეფცია როგორ უნდა შეიმუშაოს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს მის ანგარიშებზე დაცული თანხები. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ ეს რეგლამენტი „საქართველოს ბანკს“ საერთოდ არ აქვს დაცული. შეიძლება ითქვას, რომ მათ ანგარიშებზე განთავსებული თანხა არის დაუცველი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს არსებობს საფრთხე. ჩემი ინფორმაციით, ვერ ახერხებენ ამ შეტევის შეჩერებასა და რეაგირებას სათანადო დამცავი ფარებით. ამის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ აქვს მიღებული წინასწარ „საქართველოს ბანკს“ და არის ათეულობით შემთხვევები. საუბარია შემდეგი ოდენობის თანხებზე: 60 000 , 100 000 , 20 000. „საქართველოს ბანკი“ ამ საკითხზე პასუხისმგებლობას არ იღებს. უფრო მეტიც, დაახლოებით, 15 დღეა, ვეხვეწებით, ვთხოვთ, რომ გადმოგვცეს ჩვენი დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, დაზღვევის პირობები, რათა ვნახოთ, რას ითვალისწინებს, რას – არა. სხვადასხვა მიზეზით, რომ, თითქოს, ხელშეკრულება არქივშია, თითქოს თანამშრომელს განცხადება არ დაუწერია, ამ საბუთებს არ გადმოგვცემენ. მოლაპარაკების რამდენიმე მცდელობა გვქონდა „საქართველოს ბანკთან“, მაგრამ ყოველ ჯერზე ცდილობენ სიტუაციის გადადებას, გაწელვას. შედეგი, რეალურად, არ არის.
ჩვენ უკვე მივმართეთ ეროვნულ ბანკს. დარწმუნებული ვარ, მყისიერად მოახდენენ რეაგირებას. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს საქმე სასამართლოში წასაღებად მზადაა“, – განაცხადა ადვოკატმა.
დაზარალებულის თქმით, ბანკი მომხდარზე ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის.
„მე ვარ დაზარალებული. ჩემი ანგარიშიდან გატანილია სოლიდური თანხა, რაზეც ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის. გასაოცარია მათი დამოკიდებულება. ინტერნეტბანკია გატეხილი, ყველანაირი დაზღვევა მქონდა, ბანკში რაც კი არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი მოქმედებს. ჩემს ინტერნეტბანკში შევიდნენ, შეცვალეს მეილი, თანხის გადარიცხვა მოხდა და ამ დროს, როგორც მოგეხსენებათ, მოგდის ოთხნიშნა რიცხვი. არაფერი მოვიდა, ისე იმოქმედეს, ვერაფერი გავიგე. ბანკის თქმით, მე უნდა დავამტკიცო, რომ ეს თანხა ჩემი გადარიცხული არ არის. ჩვენ რომ ვუთხარით, თავად დაემტკიცებინათ, ვერ ამტკიცებენ, რომ მე გადასული ვარ სადმე. ბანკი ამბობს, რომ ინტერნეტბანკი ჩემი პირადი სივრცეა და თავად არაფერ შუაში  არიან, როცა თავიანთი შექმნილი გვერდია. ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიან. ამდენი ხნის განმავლობაში იმას ვეუბნებით, რომ დაზღვევის საბუთები მოგვაწოდონ, სხვადასხვა მიზეზით არ იძლევიან ამ საბუთებს. დროს წელავენ. მარტო მე არ ვარ დაზარალებული, როგორც ვიცი, ბევრი ადამიანია. ეს თანხა ერთს რომ აუნაზღაურონ, შემდეგ ყველას უნდა აუნაზღაურონ, ალბათ, ამას არიდებენ თავს, არ უნდათ ამ სოლიდური თანხების გადახდა“, – განაცხადა სოსო სეფაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები