“მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის ინტერესთა გამოხატვა ცხადდება”
“წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის უნიკალური ადგილი იყო, ამიტომ ამისთვის დღეს ინტერესთა გამოხატვა ცხადდება”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი მიმზიდველი ცენტრი გახდება.
„რადიოქარხნის ტერიტორია ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, რომელიც შეგვიძლია, კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით ერთ-ერთ მიმზიდველ ცენტრად ვაქციოთ.
აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო სივრცე. გასართობი, ახალგაზრდული სივრცე უნდა შეიქმნას და, როგორც გითხარით, ეს გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი ცენტრი. დღეს ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსისა“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობით მომზადდა.
არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა ამ პროექტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, დიდი ინტერესი იქნება ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, მაგარი პროექტი გამოვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის რეალიზებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება.