დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო ასე ახლოს რომ არის ევროპასთან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც არ შეეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას

2019 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მემორიალის გახსნის მნიშვნელობას და ისაუბრა პოლიტიკური ემიგრაციის ღვაწლზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, სანამ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია,ბრძოლა თავისუფლებისთვის დასრულებული არ არის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მემორიალით პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, პირველ რიგში, პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც არ შეეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ემიგრაციის პირობებში, განაგრძობდნენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. დღეს რომ საქართველო ასე ახლოს არის ევროპასთან, სწორედ მათი დამსახურება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული სათვისტომოების როლი მნიშვნელოვანია.

“რა თქმა უნდა, ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამიტომ ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სვლას და ამ მიმართულებით, ჩვენ დიდი იმედი გაქვს ჩვენი სათვისტომოების, რადგანაც მათი ხმა და მათი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანის” მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა.

ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები