“დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა”

“დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.

“საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ისტორია არის ბრძოლის ისტორია, ბრძოლისა თავისუფლებისთვის და რწმენისათვის, ჩვენი ტრადიციებისათვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, იმ ფასეულობების დაცვისთვის, რომელმაც ჩვენი საერთო ევროპული ცივილიზაცია შექმნა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ევროპული არჩევანი – ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც განაპირობა ქართველი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და რაც გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ქვაკუთხედი.

მეგობრებო, დღეს იმ რესპუბლიკის დაბადების დღეა, რომლის არსებობა არც გარეულმა მტერმა აპატია საქართველოს და არც შინაურმა.

დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა. ჩვენ მადლიერი ვართ ყველასი, ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა.

დღეს არის 26 მაისი და სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელს 80 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს პირველ პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას. მინდა ქედს მოვიხარო მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას – ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე.

მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.

ამ საზეიმო დღეს, მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!

ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია და საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!

მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით – განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს! ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!

დღეს, 26 მაისს, ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები