სასამართლომ გიორგი ჭელიძეს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

“საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრს, გიორგი ჭელიძეს სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „კვირას“ “ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

სასამართლოს ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდების საქმეზე გ.ჭ. დამნაშავედ ცნეს.

„სასამართლომ განზრახ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის, კარაბინისთვის, ხელის ტყვიამფრქვევებისთვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რომელიც, თავის მხრივ, მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა“ , – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2018 წლის 1-ელ სექტემბერს დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებდნენ, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები