ეკონომიკის სამინისტრო: ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს
“რეფორმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გამიჯვნას, მიმართულია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად და ვერც ეს გარემოება გახდება მომსახურების ტარიფის ზრდის გამომწვევი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება კონკურენტული ბაზარი, მნიშვნელოვნად გაიზრდება მიწოდების უსაფრთხოება, მომხმარებელს კი შესაძლებლობა ექნება, ელექტროენერგია კონკურენტულ ფასად იმ მომწოდებლისგან შეიძინოს, რომელიც მას ყველაზე უკეთეს პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებს.
“საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და, მათ შორის, კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ”, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.
გარდა ამისა, რეფორმა შესაძლებლობას მისცემს მთავრობას, განსაზღვროს მომხმარებელთა ის კატეგორია (მცირე ბიზნესი და მოსახლეობა), რომელიც სატარიფო რეგულირებას დაექვემდებარება და მიმართოს იაფი ენერგია, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
გარდა ამისა, რეფორმის შედეგად წარმოქმნილი კომპანიების სიმრავლე არ გამოიწვევს მათი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. ძირითადად, ეს იქნება დღევანდელი ენერგეტიკული კომპანიებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ცალკე იურიდიულ ერთეულებად გარდაიქმნება. არც ეს გარემოება არის მიმართული მომსახურების ტარიფის გაზრდის მიმართულებით. პირიქით, მიწოდების საქმიანობაში კონკურენციის განვითარება აუცილებლად გამოიწვევს მართვის ეფექტურობის ზრდასა და ხარჯების ოპტიმიზაციას.
ამდენად, ენერგეტიკული რეფორმა ბაზარზე წარმოშობს კონკურენციას. ის კი, თავის მხრივ, იცავს მომხმარებელს, რომელიც მომსახურებას სხვადასხვა მიმწოდებლისგან და მისთვის ხელსაყრელი პირობებით მიიღებს”, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.