“საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერას”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე ისაუბრა და ჩვენს პარტნიორებს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მხარდამჭერი აქტი საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს. მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. თქვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესებას. ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას, საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საჭიროებას და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს კონგრესში და 23 წევრთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ არის ინიცირებული. ეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია. სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროსაც. ჩვენს პარტნიორებს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება დოკუმენტში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დააწესოს სანქციები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ და პასუხისმგებელ პირებს – არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს ყველა იმ საერთაშორისო ბერკეტისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, რომლითაც ამ კონფლიქტში პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს აქვს როგორც ამერიკის მთავრობის, ისე – ამერიკელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა. ეს არაერთხელ დაადასტურა ამერიკამ თანამშრომლობის 25 წელზე მეტ პერიოდში. მჯერა, ასევე, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს ყველა იმ საერთაშორისო ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებას, რომლითაც ამ კონფლიქტში პროგრესის მიღწევა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის უკეთესი სტანდარტის მიღება არის შესაძლებელი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები