ბებრისციხის რესტავრაციის IV ეტაპი მიმდინარეობს

 მცხეთაში გრძელდება ბებრისციხის რესტავრაციის პროცესი.  სამუშაო პროცესს, რომელსაც შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“ ახორციელებს,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რესტავრაციის IV ეტაპმა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო, არქიტექტურული კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილოეთის კოშკის და მიმდიბარე კედლების საძირკვლებისა და ზეძირკვლების მოწყობის სამუშაოები მოიცვა. დეგრადირებული კონსტრუქციის სეგმენტებზე მოეწყო მონოლითური რკ/ბეტონის საძირკვლები. კომპლექსის კედლების შიდა და გარე საპირე წყობა მოპირკეთდა რიყის ქვით. გარე და შიდა საპირე წყობებს შორის შუალედები რკ/ბეტონის შემავსებლით გამაგრდა.
ფლეთილი ქვის ფილებითა და ლითონის მოაჯირებით მოეწყო ციხის კიბე. სამომავლოდ კომპლექსის ფასადის კედლები, მათთვის ბუნებრივი ვიზუალური იერსახის აღსადგენად ხვიარა ჯიშის მცენარეული ფენით გამწვანდება.
2010 წელს, გადაუღებელი წვიმებისა და მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ციხის ჩრდილოეთის ფერდობის აღსადგენად კომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტის მიმდინარეობისას, 2014-2016 წლებში, რკინა-ბეტონის მონოლითური საყრდენი კედელი აიგო, რომელიც ე.წ. საქართველოს სამხედრო მაგისტრალის ფუნქციონირების შედეგად გამოწვეულ რეგრესულ გავლენებს სრულად გაანეიტრალებს. ციხის ტერასების სამუშაო ბაქნები გაიწმინდა სტიქიით გამოწვეული ჩახერგილობისაგან და ტკეპნილით მოშანდაკდა. განხორციელდა დამეწყრილი, დეფორმირებული ქარგილების დემონტაჟი და მონტაჟი. უმეტესად დასრულდა ღარტაფის ფსკერის დატერასება, რაც ამ დრომდე კლდოვანი ქანების გამოფიტვასა და მეწყრული პროცესების განვითარებას იწვევდა. რკინა-ბეტონის ჩარჩოებით შეიქმნა მეწყერის მოძრაობის საწინააღმდეგო მესერი; შეიქმნა სივრცული ღეროვანი სისტემა, რომელიც მეწყერის შესაძლო გადაადგილებას გამორიცხავს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაზიანებული არქიტექტურული სეგმენტების სამშენებლო აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. 2020 წელს სააგენტოს დაკვეთით ბებრის ციხის ტერიტორია ინფრასტრუქტურულად მოეწყობა და ვიზიტორებისთვის კულტურული ცხოვრების აქტიურ კერად ადაპტირება…
ბებრისციხე მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში ის მნიშვნელოვანი დამცავის ფუნქციას ასრულებდა ქალაქისათვის. ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით აგებული ციხე ციტადელისა (1500 კვ.მ.) და ქვედა ეზოსაგან (600კვ.მ.) შედგება. 2010 წლის გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა ბებრისციხის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. დაზიანებების აღმოსაფხვრელად ძეგლზე ჩატარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები